მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა კვლევა
Visit Georgia-ს კვლევა

ერთი კვირით თუ რამდენიმე თვით: რა ვადით ყიდულობდნენ დაზღვევას საქართველოში ყოფნისთვის

2026 წლის იანვარ-სექტემბერში VisitGeorgia-ზე განთავსებული ყოველი ათი ონლაინშეკვეთიდან რვა ორ კვირამდე ვადის დაზღვევაზე მოდიოდა. ყველაზე ხშირად ერთკვირიან ან უფრო მოკლე პოლისს ირჩევდნენ. სამ თვეზე მეტი ვადის დაზღვევას კი თითქმის ისეთივე სიხშირით ყიდულობდნენ, როგორც 15-30 დღიანს.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემები
მთის ხეობა და გზა საქართველოში

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულოა. VisitGeorgia-მ ახალი წესების ამოქმედებიდან პირველი ცხრა თვის განმავლობაში საიტზე განთავსებული შეკვეთები შეისწავლა, რათა გაერკვია, რა ვადის დაზღვევას ირჩევდნენ ყველაზე ხშირად.

ერთ კვირამდე - შეკვეთების ნახევარზე მეტი

შვიდ დღემდე ვადის დაზღვევაზე შეკვეთების 55,7% მოდიოდა. კიდევ 24,8% რვიდან თოთხმეტ დღემდე ვადის პოლისებს ეკავა. ეს ორი ჯგუფი ერთად კვლევაში შესული შეკვეთების 80,5%-ს შეადგენდა.

დაზღვევის ვადაშეკვეთების წილი
7 დღემდე55,7%
8-14 დღე24,8%
15-30 დღე7,8%
31-90 დღე3,6%
90 დღეზე მეტი8,1%

VisitGeorgia-ს ონლაინშეკვეთების მონაცემები, 2026 წლის იანვარი-სექტემბერი.

უფრო ხანგრძლივი დაზღვევის შემთხვევაში ყველაზე ხშირად 90 დღეზე მეტ ვადას ირჩევდნენ. ასეთი შეკვეთების რაოდენობა ოდნავ აღემატებოდა 15-30 დღიანი პოლისებისას. ყველაზე იშვიათად შუალედურ ვარიანტს, 31-90 დღეს, ირჩევდნენ.

იანვარში სურათი განსხვავებული იყო

წლის დასაწყისში მოკლე და ხანგრძლივი ვადის დაზღვევაზე მოთხოვნა თითქმის თანაბარი იყო. იანვარში ორ კვირამდე ვადის პოლისებზე შეკვეთების 43,7% მოდიოდა, ხოლო 90 დღეზე მეტი ვადის პოლისებზე - 38,8%.

თებერვალში მოკლევადიანი დაზღვევის წილი 69%-მდე გაიზარდა, მარტში კი 74,3%-მდე. აპრილიდან სექტემბრამდე ის ყოველთვიურად შეკვეთების სულ მცირე 80%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი წილი ივნისში დაფიქსირდა - 85,8%.

2026 წლის თვეორ კვირამდე ვადის დაზღვევის წილი
იანვარი43,7%
თებერვალი69,0%
მარტი74,3%
აპრილი80,6%
მაისი80,1%
ივნისი85,8%
ივლისი83,6%
აგვისტო84,0%
სექტემბერი81,2%

VisitGeorgia-ს ონლაინშეკვეთების მონაცემები.

ამგვარად, მოკლევადიანი დაზღვევის საერთო პოპულარობის მიუხედავად, თვეებს შორის განსხვავება იყო: იანვარში შეკვეთების მნიშვნელოვან ნაწილს ხანგრძლივი პოლისები შეადგენდა, გაზაფხულიდან კი ძირითადად ორ კვირამდე ვადის დაზღვევას ირჩევდნენ.

კვლევის შესახებ

შევისწავლეთ VisitGeorgia-ს საიტზე 2026 წლის იანვარ-სექტემბერში დადასტურებული შეკვეთების ანონიმიზებული მონაცემები. სტატიაში ნაჩვენებია, რა ვადით ყიდულობდნენ დაზღვევას. ეს ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს საქართველოში რეალურად გატარებული დროისგან. პროცენტები შეკვეთების რაოდენობიდან გამოვთვალეთ; ერთი შეკვეთა შესაძლოა რამდენიმე ადამიანის დაზღვევას მოიცავდა.

როგორ ვამოწმებთ ინფორმაციას